2013 წლის 12-13 ოქტომბერს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბ-მა გიორგი ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოდან მაღალი რანგის პოლიტიკური და ბიზნეს დელეგაციის ვიზიტში ქ. დოჰაში (კატარის სახელმწიფო), რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქ-ნი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბ-ნი შალვა ფიფია და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ბ-ნი გიორგი პერტაია.
ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა კატარის ოფიციალურ პირებთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან საქართველოში ერთობლივ საინვესტიციო პროექტებზე თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.
ვიზიტის ფარგლებში, ბ-მა გიორგი ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრებში კატარის პრემიერ-მინისტრთან, ბ-ნ შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანისთან, კატარის სუვერენული ფონდის, „კატარის საინვესტიციო სამმართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან ბ-ნ აჰმად ალ-საიედთან და ამავე უწყების აღმასრულებელი დირექტორის ოფისის ხელმძღვანელთან ბ-ნ ხალიდ ალ-რაბანთან. ასევე, „კატარის საინვესტიციო სამმართველოს“ უძრავი ქონების საინვესტიციო ჯგუფის, „კატარი დიარის“ აღმასრულებელ დირექტორთან ბ-ნ ხალედ ალ საიედთან.
მხარეებს შორის შეხვედრების მსვლელობისას საუბარი შეეხო საქართველოში ინვესტირების და პროექტების განხორციელების შესაძლებლობების ფართო სპექტრს, მათ შორის მსხვილ დეველოპერულ პროექტებს.
ვიზიტის შედეგად, საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, კატარული მხარე აპირებს საქართველოში მოავლინოს სპეციალური დელეგაცია.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ბ-ნი გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით: „ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია გახლდათ ვყოფილიყავი მისი აღმატებულება, ბ-ნი აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანის და „კატარის საინვესტიციო უწყების“ ხელმძღვანელობის სტუმარი. მხარეებს შორის წარიმართა უაღრესად კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით კატარულ მხარესთან ფონდის მიერ ახლახანს ჩამოყალიბებული ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას. მე და ჩემი კოლეგები მოუთმენლად ველით საქართველოში, უახლოეს მომავალში, კატარის დელეგაციის ვიზიტს.“
საკონტაქტო ინფორმაცია:
თინათინ ოდილავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი
Tel.: +995 32 2470004 (151)
Email: [email protected]