საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, წარმოების სექტორში ბევრ სარგებელს სთავაზობს ინვესტორებს, კერძოდ: კონკურენტულ მუშახელს, კორუფციისგან თავისუფალ გარემოს, დაბალ გადასახადებს, წარმოების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ წარმოების სექტორი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-ს, ხოლო დასაქმების 5%-ს შეადგენს. ქვეყანაში, სამი თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა, სადაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებს საგადასახადო შეღავათები და სხვა დამატებითი პირობები. მთელი რეგიონის მასშტაბით საქართველოს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკური მოდელი გააჩნია, რომელიც გამყარებულია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და ჩინეთთან, ხოლო ევროკავშირთან მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შესაბამისად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს რეგიონალური კერა წარმოების მიმართულებით და ხელი შეუწყოს ადგილობრივი ნაწარმის რეალიზაციას, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ ბაზარზე.
ფონდი მიზნად ისახავს განახორციელოს ინვესტიციები როგორც საშუალო, ასევე ფართომასშტაბიან პროექტებში, შემდეგი მიმართულებებით:
- იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული პროექტები: წარმოების სექტორის წილი მთლიან იმპორტში 70%-ს შეადგენს. შესაბამისად ინვესტიციის განხორციელება ხელსაყრელია ისეთ ინდუსტრიებში როგორებიცაა: საკვები და სასმელი პროდუქტები, სამშენებლო მასალები და ა.შ.
- ღირებულებათა ჯაჭვის ინტეგრაცია: კონკურენტული შრომითი ხარჯები, საქართველოში ბიზნესის წარმართვის სიმარტივე და საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ქმნის საუკეთესო პირობებს, რომ მეწარმეებმა წარმოების სრული ციკლი სწორედ საქართველოში გადმოიტანონ.
- მსხვილი ინდუსტრიული პროექტები: ელ. ენერგიის დაბალი ტარიფებით, სატრანზიტო ტვირთებზე მორგებული განვითარებული ინფრასტრუქტურითა და კონკურენტული მუშახელით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ორიენტირებულია განავითაროს მსხვილი ინდუსტრიული პროექტები.
ჩვენი მიდგომა:
ფონდი ორიენტირებულია განახორციელოს ინვესტიციები შემდეგი კატეგორიის პროექტებში:
- ძირითად ინფრასტრუქტურულ ბაზარზე კონცენტრირებული პროექტები, რომლებიც ამავდროულად ინვესტორებს რისკზე მორგებულ მიმზიდველ უკუგებას სთავაზობენ.
- პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვნად სარგებლობს ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბალი ელექტროენერგიის ტარიფებითა და კონკურენტული მუშახელით.
- ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმითა და რეგულატორული გარემოთი.
- უნიკალური შესაძლებლობები მსხვილი სამრეწველო გადამამუშავებელი და საწარმოო ობიექტების, ასევე მაღალი და ინფორმაციული ტექნოლოგიის ცენტრების თვალსაზრისით.