GC FUND

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დამტკიცებული, $1.3 მლრდ ღირებულების საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია

25 მარტი, 2014

2014 წლის 25 მარტს სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ დიდ დარბაზში „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა დამტკიცებული საინვესტიციო პროექტები წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპერტები არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში. ასევე, მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები, პოტენციური ინვესტორები და მედიის წარმომადგენლები.

საინვესტიციო პროექტები წარმოდგენილი იყო ტურიზმისა და უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგებში.

ტურიზმისა და უძრავი ქონების სფეროში წარმოდგენილ იქნა გრანდიოზული პროექტი თბილისში პირობითი სახელწოდებით პანორამა თბილისი. პროექტი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბითა და შინაარსით. იგი აერთიანებს ოთხ მრავალ ფუნქციურ კომპლექსს (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე II-ს მოედანი) რომლებიც იფუნქციონირებენ როგორც ერთი მთლიანი.

პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები დაუკავშირდება გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით. პროექტის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის ახალ 4 მსხვილ ტურისტულ და ბიზნეს ცენტრს შორის დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, საბაგირო გზებისა და დახრილი ლიფტების საშუალებით. ამასთან, პანორამული შუშის კაბინებით მგზავრობისას დამთვალიერებლებს დედაქალაქის ულამაზესი ისტორიული ხედებით დატკბობის საშუალება მიეცემათ. ხსენებული უპირატესობების გათვალისწინებით აღნიშნულ პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.

პროექტი იმითაც არის შესანიშნავი, რომ იგი მწვანე არქიტექტურის უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს. მის ფარგლებში დაირგვება 30,000 ახალი ხე, რაც საგრძნობლად გააჯანსაღებს ქალაქის ეკო სისტემას.

პროექტის დამატებითი უპირატესობა  თანამედროვე ავტოსადგომების ინფრასტრუქტურის განვითარებაში მდგომარეობს. ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1,800 ავტომობილზე (თავისუფლების მოედანი - 300; ერეკლე II-ს მოედანი – 500; სოლოლაკის ბაღები - 500; სოლოლაკის მაღლობი - 500) გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რაც პროექტის საჭიროებას ბევრად აღემატება და უზრუნველყოფს ქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარებას.

მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით თბილისში შესაძლებელი გახდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და მასპინძლობა, რაც ჩვენს დედაქალაქს რეგიონში უფრო დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას შესძენს. დახრილი ლიფტები, საბაგირო გზები,  და სხვა არქიტექტორული თუ ტექნიკური კომპონენტები საკმაოდ ძვირადღირებული გადაწყვეტილებებისაგან შედგება, რის გამოყენებითაც ფონდი აპირებს რომ პროექტი გახადოს თბილისის სავიზიტო ბარათი.

პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი აჭარბებს ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს. მისი განხორციელებით დედაქალაქს შეემატება 270,000მ², რომელიც მოიცავს სასტუმროებს, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, A კლასის საოფისე და სავაჭრო ფართებს, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებს, გამაჯანსაღებელ და დასასვენებელ ცენტრებს, სპორტულ მოედნებსა და აუზებს და ყველა იმ აუცილებელ ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრებისთვის სრულყოფილი სერვისების მიწოდებას.

კომპლექსისთვის „სოლოლაკის ბაღები“ დასრულებულია ესკიზური პროექტი, რომელიც ქალაქის შესაბამის სამსახურებს განსახილველად წარედგინება. ხოლო დანარჩენ კომპლექსებთან დაკავშრებით მიმდინარეობს არქიტექტურული კომპანიის შერჩევის პროცესი, რომელშიც მონაწილეობენ წამყვანი ქართული და უცხოური არქიტექტურული ბიუროები. ხსენებული პროცესი სავარაუდოდ ერთ თვეში დასრულდება და დადგენილი წესით იქნება წარდგენილი განსახილველად.

ასევე მიმდინარეობს შესაბამისი ბაზრის კვლევა და კონკრეტული შიდა გეგმარებითი გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მოცემული პერიოდის საბაზრო კონიუქტურის გათვალისწინებით. კომპლექსების ამოქმედება და დატვირთვა მოხდება ეტაპობრივად და სავარაუდოდ დაიწყება 1.5 წელიწადში.

ენერგეტიკის სფეროში წარმოდგენილ იქნა ორი ჰესის პროექტი: 1. პროექტი „მტკვარი ჰესი“, რომელიც განხორციელდება სამხრეთ საქართველოში, ახალციხის რაიონში, მდინარე მტკვარზე. ჰესის დადგმული სიმძლავრე 53.3 მგვტ-ი იქნება, წლიური ელ. ენერგიის გამომუშავება კი 255,2 გეგავატი. სთ. პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში $100 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ამ ეტაპზე დასრულებულია პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პროცესი და მიმდინარეობს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება; 2. პროექტი „ჰესების კასკადი მდ. ცხენისწყალზე“, რომელიც განხორციელდება ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, ლენტეხისა და ცაგერის რაიონში, მდ. ცხენისწყალზე. ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 347 მგვტ-ი იქნება, წლიური ელ. ენერგიის გამომუშავება კი 1,755 გეგავატ. სთ-ს გაუტოლდება. პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში $679 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. დღეისათვის ჩატარებულია პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ.

სოფლის მეურნეობის სფეროში წარმოდგენილ იქნა ორი პროექტი: 1. რძის წარმოების ფერმისა და გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი დასავლეთ საქართველოში. იგი ხორციელდება მერძევეობის სფეროში წამყვან ჰოლანდიურ კომპანია “The Friesian”-თან თანამშრომლობით. რძის წარმოების ფერმის მოცულობა 2000 სული ძროხით განისაზღვრა, წარმოების მოცულობა კი დღეში 50 ტ რძეს გაუტოლდება. პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება მაღალტექნოლოგიური რძის მიმღები და გადამამუშავებელი საწარმო, რომელსაც დღეში 100 ტ რძის მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობა ექნება. აღნიშნული პროექტი თავისი მასშტაბებით და ხარისხით შესაძლებელს გახდის რძის პროდუქტების იმპორტის 25%-ის ჩანაცვლებას და მუდმივად დაასაქმებს 400-მდე ადამიანს. პროექტის განხორციელებით სოფლის მეურნეობის სფეროში $45 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება;

2. სასათბურე მეურნეობის პროექტი აღმოსავლეთ საქართველოში. იგი წამყვან ფრანგულ სასათბურე მეურნეობის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება. მისი ფართობი 10,4 ჰა-ს გაუტოლდება, ძირითადი პროდუქტი კი პომიდორი იქნება. სასათბურე მეურნეობის პროექტში წარმოების წლიური მოცულობა 4,500 ტ-ით განისაზღვრა. აღნიშნული პროექტი შესაძლებელს გახდის იმპორტირებული პომიდვრის 30%-ის ჩანაცვლებას და 100-მდე ადამიანის დასაქმებას. პროექტის განხორციელებით სოფლის მეურნეობის სფეროში $14,3 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თინათინ ოდილავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი

Tel.:  +995 32 2470004 (151)

Email:  [email protected]