GC FUND

„მტკვარი ჰესის“ პროექტის ფარგლებში გვირაბის ექსკავაციის სამუშაოები დასრულდა

06 თებერვალი, 2020

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტის „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა, გვირაბის სიგრძე 9.6 კმ-ია, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი.

გვირაბის ექსკავაცია პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპი იყო, მოცემული ფაზის დასრულებით მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მტკვარი ჰესის სადაწნეო გვირაბის საშუალებით წყლის დერივაცია მტკვარი ჰესის სათავე ნაგებობიდან ჰესის შენობაში მოხდება, სადაც ტურბინების საშუალებით ელექტროენერგია გამომუშავდება.

მტკვარი ჰესის პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: პროექტი სათავეს იღებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი რუსთავის სიახლოვეს, მდინარე მტკვარზე არსებული სათავე ნაგებობიდან, რომელიც თავს უყრის სისტემურ ნაგებობებს მათ შორის: ფსკერულ წყალსაგდებს, თევზსავალს, კაშხალს და წყალმიმღებს. პროექტის შემდგომი ნაწილია სადერივაციო გვირაბი - რომელიც აკავშირებს ჰესის სათავე ნაგებობას ჰესის შენობასთან. ჰესის შენობა აღჭურვილია ფრენსისის ტიპის ორი ტურბინით და გამყვანი არხით - საიდანაც ჰესში შემავალი წყალი, სოფელი ზიკილიას მიმდებარე ტერიტორიაზე, კვლავ მდინარე მტკვარის კალაპოტს უბრუნდება.

მტკვარი ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ. რაც 2019 წლის მონაცემებით საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.9%-ს შეადგენს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 157 მლნ აშშ დოლარია, ხოლო პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება.

„მტკვარი ჰესის“ ფინანსური პარტნიორია თიბისი ბანკი. პროექტში მონაწილე სამშენებლო კომპანიები არიან: შპს ფერი და სს ენერგონი, ხოლო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიების მხრიდან ჩართულები არიან: ILF Consulting Engineers, Tunnelconsult და Ukrhydroproject. გვირაბის გაყვანის სამუშაოები შესრულებულია გერმანული კომპანია Herrenknecht AG-ის გვირაბგამყვანი მანქანით, ხოლო ელექტრო-მექანიკურ დანადგარები ავსტრიული კომპანიის Voith Hydro მიერაა წარმოებული.

„მტკვარი ჰესი“ 2009 წელს დაწყებული და შემდეგ მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი იყო. პროექტის აქტიური სამუშაოები განახლდა 2014 წელს, მას შემდეგ რაც საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ჰესის 100%-იანი წილი შეისყიდა. საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აუცილებელია მდიდარი ჰიდრორესურსის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება. მტკვარი ჰესის პროექტი სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს და  საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ჯანსაღი ათვისების საშუალებას იძლევა“ - განაცხადა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ.

“თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების კუთხით. აღნიშნული სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა, თიბისის 252 მლნ. დოლარიანი სასესხო თანამონაწილეობით ჯამში ამ სექტორში 515 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მოხარულები ვართ, რომ „მტკვარი ჰესის“ პროექტის მშენებლობა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ინიციატივით  მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი პროექტების დაფინანსებით, ხელს შევუწყობთ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ.

„მტკვარი ჰესის გვირაბი ექსკავაციისთვის შეძენილი მანქანა-დანადგარი არის კლდოვანი გრუნტისთვის განკუთვნილი ორმაგფარიანი გვირაბგამყვანი მანქანა. აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით ექსკავაცია ხორციელდება მხოლოდ ერთი დანადგარის საშუალებით, უახლესი ტენდენციებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად. მსგავსი პრაქტიკა ენერგეტიკის სექტორში ბოლო 25 წლის მანძილზე აქტიურად გამოიყენება კლდოვან გრუნტში გამავალი გვირაბების ექსკავაციისათვის, ვინაიდან აღნიშნული ტექნოლოგია უსაფრთხო, სწრაფი და ეკონომიურია.“- განაცხადა ნიკოლა დელა ვალემ, კომპანია Tunnel Consult-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.