საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფუძნებულმა „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“ GlobalG.A.P-ის სერთიფიკატი მოიპოვა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტს წარმოადგენს. GLOBALG.A.P-ის მოქმედების სფეროა: სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მეცხოველეობა, აკვაკულტურები და სხვ. სტანდარტი, გარდა სურსათის უვნებლობისა, ასევე ეხება გარემოს დაცვას, თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“ პირველივე მასერტიფიცირებელი აუდიტის ჩატარების შემდეგ მოიპოვა GlobalG.A.P-ის სერტიფიკატი, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს ევროპის ქვეყნებშიც. გასულ წელს „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“ ასევე მოიპოვა ISO 9001-2015 სერთიფიკატი.
შეგახსენებთ, რომ 12 ჰექტარზე გაშენებული მაღალტექნოლოგიური სათბური, რომელიც გარდაბანში მდებარეობს აღჭურვილია უახლესი ევროპული დანადგარებით. აღნიშნული სასათბურე კომპლექსი კავკასიაში ყველაზე მაღალია, რაც მიკრო კლიმატის კონტროლისთვის საუკეთესო წინაპირობას ქმნის. აღნიშნულზე მუშაობა, ფონდმა 2014 წელს, სასათბურე მეურნეობის დარგში წამყვან ევროპულ კომპანია რიშელ ჯგუფთან (Richel Group) ერთად დაიწყო, რომლის ფარგლებში 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა და 4.4 ჰა სასათბურე კომპლექსი აშენდა. 2016 წლის სექტემბერში, პროექტის მეორე ფაზა დასრულდა და სასათბურე მეურნეობა 12 ჰექტარამდე გაფართოვდა. ფონდმა მეორე ფაზის ფარგლებში კიდევ ერთ პარტნიორთან, სასათბურე მეურნეობის დარგში ასევე წამყვან ევროპულ, კერძოდ ჰოლანდიურ კომპანია სერტონთან (Certhon) ითანამშრომლა. „საქართველოს სათბურის კორპორაცია“-ში 235 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 95% ადგილობრივი მკვიდრია, სათბურში წარმოების პროცესი კი მიმდინარეობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ჰოლანდიელი და ფრანგი აგროინჟინრების, ტექნოლოგების და ბიოლოგების პერიოდული კონსულტაციებით.