GC FUND

ბათუმი რივიერას პრეზენტაცია

17 დეკემბერი, 2018
News Title

17  დეკემბერს, ქ. ბათუმში, მრავალფუნქციური კომპლექსის „ბათუმი რივიერას“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით“, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს.

ღონისძიებაზე განხილულ იქნა პროექტის მშენებლობის პროცესები, გეგმები და დეტალები, ვინაიდან პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე მშენებლობა რამდენიმე ფაზად არის დაგეგმილი. 

პირველი ფაზის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 73 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც მრავალფუნქციური ნაგებობის და იახტ კლუბის მშენებლობას გულისხმობს.  6 ჰექტარის ფართობზე „სილქ თაუერი“ და დამატებით რამდენიმე შენობა-ნაგებობა განთავსდება, ხოლო იახტ კლუბის მართვაში ერთობლივად ჩაერთვებიან „ბათუმის იახტ კლუბი“ და „სილქ როუდ ჯგუფი“. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სტანდარტების იახტ კლუბი ხელს შეუწყობს მაღალ შემოსავლიანი ტურისტების მოზიდვას და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით. პროექტის მშენებლობა 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო პირველი ფაზის დასრულება  2021 წლისთვის იგეგმება.

მნიშვნელოვანია, რომ  „ბათუმი რივიერას“ პროექტზე „სილქ როუდ ჯგუფთან“ ერთად არქიტექტურული დიზაინის და გეგმარების წამყვანი, საერთაშორისო  კომპანია  „ჩეპმენ ტეილორი“ იზრუნებს. ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე  კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით - პროექტი უნიკალურია და მას ანალოგი მთელს რეგიონში არ აქვს.

საცხოვრებელი აპარტამენტების და  იახტ კლუბის გარდა პროექტი მოიცავს ხელოვნურ ყურეს, კომერციულ ფართებს და კაფე ბარებს, ასევე დამატებით 2 ჰექტარი ფართობის პარკს, რომელიც რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და  იგი ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი და ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონა იქნება. პარკი ერთიანი ლადშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება და მის გეგმარებაზეც „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს. საბოლოო ვარიანტი შეთანხმდება აჭარის მთავრობასთან და მის სამომავლო მოვლა-განვითარებაზე კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ იზრუნებს.