2015 წლის 20 ოქტომბერს, კომპანია “აქსისმა” და საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა პროექტ „აქსის თაუერსის“ ოფიციალური პრეზენტაცია ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე ტყუპი ცათამბჯენის ტერიტორიაზე გამართეს. ღონისძიების ფარგლებში კომპანია “აქსისის” და ფონდის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.
პრეზენტაციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა პროექტის კონცეფციის დეტალები, ფუნქციური დატვირთვა და ტექნიკური პარამეტრები.
მრავალფუნქციური კომპლექსი ორი 41 (აქედან 4 სართული მიწისქვეშ) სართულიანი ცათამბჯენისგან შედგება, რომელთაგან ერთი შუშის იქნება, ხოლო მეორე-ქვის. „აქსის თაუერსი“ თბილისის ყველაზე მაღალი შენობა იქნება, 147 მეტრი სიმაღლით. მისი საერთო ფართი 94,000 მ² შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას 500-მდე ავტომანქანაზე.
„აქსის თაუერსის“ შუშის კოშკში განთავსდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელსაც ოპერირებას გაუწევს Accor ჯგუფში შემავალი მაღალი კლასის ფრანგული საერთაშორისო ბრენდი Pullman, რომელიც ძირითადად ბიზნეს ტურიზმზეა კონცენტრირებული. შესაბამის ხელშეკრულებას Accor ჯგუფსა და „აქსის თაუერსს“ შორის პრეზენტაციაზე მოეწერა ხელი. ამავე კოშკში იფუნქციონირებს A-კლასის ბიზნეს ცენტრი, 15,000 მ² საოფისე ფართით.
ქვის კოშკში განთავსდება 15,000 მ² საცხოვრებელი ბინები შთამბეჭდავი ხედებით. შენობა აღიჭურვება ყველა საჭირო და აუცილებელი ინფრასტრუქტურით, რათა მაცხოვრებლებისთვის შეიქმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო.
„აქსის თაუერსი“ სტუმრებს გართობისა და დასვენებისთვის მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. მასში იფუნქციონირებს: ფიტნეს და სპა ცენტრი; 25 მეტრი სიგრძის ღია აუზი მოძრავი სახურავით; Sky Bar დედაქალაქის საუკეთესო ხედებით, შენობის ბოლო სართულზე; 1,100 მ² ფართის საკონცერტო დარბაზი; კაფეები და რესტორნები; სავაჭრო ცენტრი და სხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე დამატებით, აღსანიშნავია, რომ „აქსის თაუერსი“ საკუთარ ტერიტორიაზე ქმნის საზოგადოებრივ სივრცეს - საფეხმავლო ქუჩას, რომელიც დააკავშირებს ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან.
პროექტში კონცეფციის ჩამოყალიბებიდან დღემდე, განვითარების ყველა ეტაპზე, ქართველ სპეციალისტებთან ერთად მუდმივად მუშაობენ საერთაშორისო დონის ექსპერტები. პროექტში ჩართულნი იყვნენ და არიან გლობალური ბრენდების წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ იხილა ფილმი „აქსის თაუერსზე“, რომელშიც აღნიშნული პროცესი დეტალურად იყო აღწერილი პროექტში ჩართული მხარეების მიერ.
კომპანია „აქსისის“ გენერალური დირექტორის გიორგი კაპანაძის განცხადებით: „აქსის თაუერსი“ უპრეცედენტო პროექტია თავისი მასშტაბითა და ფუნქციური დატვირთვით. ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტის ხუთ მიმართულებას. ცათამბჯენებში განთავსდება მაღალი დონის საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული და გასართობი ფართები; ასევე ხუთვარსკვლავიანი ფრანგული სასტუმრო - Pullman. კომპანია „აქსისი“ განაგრძობს საქართველოს დეველოპერული სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. გვეამაყება, რომ „აქსის თაუერსი“ გახდება თანამედროვე თბილისის ახალი ღირსშესანიშნაობა. პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან თანამშრომლობით განახლდა და მისი განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სიხარულით მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ „აქსის თაუერსში“ საცხოვრებელი ფართების შეძენა დღეიდან უკვე შესაძლებელია.“
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით: „აქსის თაუერსის“ პროექტი სრულ თანხვედრაშია იმ მიზნებთან, რომლებსაც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ემსახურება. ამ პროექტის განხორციელებით საქართველოს ეკონომიკაში $83 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ. ხელს ვუწყობთ უკვე წარმატებული ქართული დეველოპერული კომპანიის კიდევ უფრო გაძლიერებას. ქვეყანაში შემოგვაქვს და ვნერგავთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ხელს ვუწყობთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
მოხარული ვართ, რომ ამ პროექტის განხორციელებაში საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩვენი საერთო ძალისხმევით 7 წლის მანძილზე შეჩერებული პროექტი რამდენიმე თვის წინ განახლდა და მისი დასრულება 2017 წელს იგეგმება. დარწმუნებული ვართ, რომ თავისი არქიტექტურით, ფუნქციური დატვირთვით, მასშტაბითა და შესრულების ხარისხით „აქსის თაუერსი“ ყველასგან გამორჩეული პროექტი იქნება და ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის უძრავი ქონების ბაზარზე. “
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით: „საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორის განვითარება. დღეს საზოგადეობას ჰქონდა საშუალება დეტალურად გაცნობოდა „აქსის თაუერსის“ შთამბეჭდავ პროექტს, რომელიც ამ საქმეში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ეს არის კიდევ ერთი გამორჩეული და ძალიან საინტერესო ქართული პროექტი, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში. მისასალმებელია კომპანია „აქსისის“ როლი დეველოპერული სექტორის განვითარებაში. იგი ყოველთვის გამოირჩევა თავისი ინოვაციური მიდგომებითა და შესრულების ხარისხით. აღსანიშნავია ასევე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის როლი, რომელიც აქტიურად განაგრძობს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და განვითარებას. სწორედ ფონდის ჩართულობით „აქსის თაუერსის“ პროექტი 2015 წელს განახლდა. ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად 2017 წელს თბილისს შეემატება უნიკალური მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში მოიზიდავს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ცენტრალურ ბიუჯეტში შეიტანს გრძელვადიან შემოსავალს, განავითარებს ბიზნეს ტურიზმის მიმართულებას და დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას.“
“აქსის თაუერსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი: www.axistowers.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი
T.: 995322470004