GC FUND

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდსა და მერიოტს შორის ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება ფორმდება

20 დეკემბერი, 2018
News Title

20 დეკემბერს, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდსა და მერიოტს შორის ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, თაბორის ქედზე არსებულ სასტუმროს მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის ბრენდის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭება. სასტუმროს ოპერირებას, შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“ უზრუნველყოფს, რომელიც დაარსდა 2015 წელს და დაარსებიდან ერთ წელიწადში გახდა პირველი კომპანია საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მოიპოვა მსოფლიოში N1 სასტუმროები ქსელის: Marriott International - ის ფრანჩიზის ლიცენზია, რაც კომპანიას უფლებას აძლევს Marriott - ის მფლობელობაში არსებული 21 ბრენდის [1] სახელით განახორციელოს სასტუმროების ოპერირება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, თაბორის ქედზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, რომლის ფარგლებშიც პირველი ფაზის, კერძოდ  გოლფის მოედნის მშენებლობა უკვე დასკვნით ეტაპზეა.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს 402 009 კვ.მ რეკრეაციული სივრცის შექმნას, სადაც მთლიანი ტერიტორიის 95% იქნება სრულად გამწვანებული. რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9 ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნური ტბას და ჩოგბურთის კორტებს. ამასთანავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 160  ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება 2 საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 86 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

თაბორის რეკრეაცია უპრეცედენტოდ მწვანე პროექტია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მიზნით 2017 წლიდან დღევანდელ დღემდე დარგულია 8000-მდე ხე-მცენარე, ხოლო ჯამში თაბორის ტერიტორიაზე 11 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება. ამასთანავე, ჯანსაღი გამწვანებული სივრცის მოწყობის მიზნით, ყველა ხესთან მოწყობილია სარწყავი სისტემა, რაც ხელს უწყობს მცენარის გაჯანსაღებას, სწორ კვებას და ახდენს მცენარის დაავადებების პრევენციას.  

აღნიშნული პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების შემქნა და ტურისტების მოზიდვა ისეთი ქვეყნებიდან სადაც ზამთრის პერიოდში გოლფის თამაში და საერთაშორისო დონის ტურნირების ჩატარება შეფერხებულია.



[1] Autograph Collection, Marriott, Sheraton, Le Meridien, Westin, Renaissance, Delta Hotels, Design Hotels, Tribute Portfolio, Gaylord Hotels, Courtyard, Four Points, AC Hotels, Moxy, Aloft, Protea Hotels, Springhill Suites, Fairfield Inn, Residence Inn, Townplace Suites, Element