GC FUND

თაბორის ქედზე, გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

10 დეკემბერი, 2018
News Title

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, თაბორის ქედზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, რომლის ფარგლებშიც პირველი ფაზის, კერძოდ  გოლფის მოედნის მშენებლობა უკვე დასკვნით ეტაპზეა.

აღნიშნული პროექტით, გოლფის ინდუსტრიაში წამყვანი ბრიტანული  გამოცემა „Golf Course Architecture” დაინტერესდა და  საზოგადოებას თაბორის ქედზე არსებულიგოლფის მოედნის კონცეფცია წარუდგინა.  

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა ისეთი ინფრასტრუქტურა რაც ხელს შეუწყობდა თბილისის მასშტაბით ტურიზმის ზრდას და განვითარებას. სწორედ ამიტომ შეიქმნა ისეთი უპრეცენდენტო პროექტი, რომლის ფარგლებშიც თოთოეულ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ქალაქის ცენტრიდან ზუსტად 10 წუთში, მაღალი კლასის გოლფის მოედანს ეწვიოს. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული პროექტი ბევრ უცხოელ ტურისტს მოიზიდავს და საქართველოს გოლფის ტურიზმის რუკაზე დაამკვიდრებს. “ - აცხადებს, Kevin Ramsey, თაბორის ქედზე არსებული გოლფის მოედნის მთავარი არქიტექტორი.

შეგახსენებთ, რომ თაბორის ქედზე არსებული პროექტი გულისხმობს 402 009 კვ.მ რეკრეაციული სივრცის შექმნას, სადაც მთლიანი ტერიტორიის 95% იქნება სრულად გამწვანებული. რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9 ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნური ტბას და ჩოგბურთის კორტებს. ამასთანავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 160  ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება 2 საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 86 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

გოლფის მოედნის მშენებლობა რამდენიმე ფაზას მოიცავს, კერძოდ: დაგეგმარება და დიზაინი, ფორმირება,  დრენაჟის/ირიგაციის სისტემის დიზაინი და მონტაჟი, ბალახის დათესვა და ა.შ. თითოეული ფაზის განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში წამყვანი კომპანიები, მათ შორის ბალახის თესლი სპეციალურად იქნა შერჩეული ჰოლანდიური კომპანიისგან  “ბანრენბურგი“ (Barenburg) ხოლო მოედნების მორწყვისა და მოვლა-პატრონობისთვის გამოყენებულია მსოფლიოში აღიარებული, ამერიკული კომპანია „ტოროს“ (TORO) ტექნიკა. 

თაბორის რეკრეაცია უპრეცედენტოდ მწვანე პროექტია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მიზნით 2017 წლიდან დღევანდელ დღემდე დარგულია 8000-მდე ხე-მცენარე, ხოლო ჯამში თაბორის ტერიტორიაზე 11 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება. ამასთანავე, ჯანსაღი გამწვანებული სივრცის მოწყობის მიზნით, ყველა ხესთან მოწყობილია სარწყავი სისტემა, რაც ხელს უწყობს მცენარის გაჯანსაღებას, სწორ კვებას და ახდენს მცენარის დაავადებების პრევენციას.