GC FUND

მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი" 2017 წელს გაიხსნება

11 თებერვალი, 2016
News Title

2016 წლის 11 თებერვალს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, უძრავი ქონებისა და ტურიზმის მიმართულებით მორიგი საინვესტიციო პროექტის „გალერია თბილისის“ ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსთაველის გამზირზე ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილას მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის განთავსებას, წარადგინეს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და „გალერია თბილისის“ ექსკლუზიური ბროკერის “Colliers International Georgia” ხელმძღვანელმა პირებმა. ღონისძების ფარგლებში საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო კომპანიების, ადგილობრივი და საერთაშორისო რითეილერი კომპანიების და მედიის წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე საზოგადოებისთვის პროექტის კონცეფციის დეტალები და ტექნიკური პარამეტრები გახდა ცნობილი. „გალერია თბილისის“ ჯამური სავაჭრო ფართი 22, 000 მ²-ს შეადგენს. ერთ დიდ სივრცეში ინტეგრირებული იქნება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა. „გალერია თბილისი“ ვიზიტორებს მრავალფეროვანი შოპინგის საშუალებას მისცემს. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი საფასო სეგმენტის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საინტერესო ნაზავი. საკვები ზონა მოეწყობა სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე, სადაც განთავსდება რესტორნები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე ასევე მოეწყობა ღია სივრცე, ვერანდა. ეს იქნება პროექტის ერთ-ერთი უნიკალური კომპონენტი. ვერანდაზე „გალერია თბილისის“ ვიზიტორებს განტვირთვის და თბილისის ლამაზი ხედებით ტკბობის შესანიშნავი საშუალება მიეცემათ. შენობის სამხრეთ ნაწილში კი განთავსდება 308 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც საგრძნობლად შეამცირებს ქალაქში არსებულ პარკირების პრობლემას.

რაც შეეხება „გალერია თბილისის“ არქიტექტურულ დიზაინს. იგი ეკუთვნის ცნობილ ებრაულ კომპანიას, "Moshe Tzur Architects", რომელსაც ევროპის დედაქალაქებში მარავლი წარმატებული არქიტექტურულ-დიზაინერული პროექტი აქვს განხორციელებული.

იმისთვის, რომ სავაჭრო ცენტრი განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესო გახდეს ქართველი მომხარებლებისთვის, ფონდი აქტიურად მუშაობს ახალი ბრენდების შემოყვანის მიმართულებით. 2016 წლისთვის დაგეგმილია მოსაზიდი რითეილერების 80%-თან თანამშრომლობის ოფიციალურად გაფორმება. სწორედ ამ მიზნით პროექტის მმართველ კომპანიასა და უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანია "Colliers International Georgia"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კოლიერსი გახდა „გალერია თბილისის“ ექსკლუზიური ბროკერი.

კოლიერსთან თანამშრომლობით 2015 წლის ნოემბერში მოხდა „გალერია თბილისის“ პირველი წარდგენა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ქ. კანში, უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე, "MAPIC 2015", სადაც პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებით: „დაარსების დღიდან საქართველოს თანაინვესტირების ფონდი არაერთ მასშტაბურ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. სწორედ ფონდის ძალისხმევით მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი დღეს განახლებულია და 2017 წლისთვის დედაქალაქს „გალერია თბილისის“ სახით შეემატება თანამედროვე არქიტექტურის კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუში. ეს იქნება ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი, რომელიც ვიზიტორებს გართობისა და დასვენებისთვის მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. „გალერია თბილისის“ პროექტი დიდ როლს ითამაშებს მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის კუთხითაც.

ფონდის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის გაჯანსაღების საქმეში. იგი ხელს შეუწყობს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და გადასახადების სახით ქვეყნის ბიუჯეტში შეიტანს გრძელვადიან შემოსავალს.“

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით: „საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ყოფილი უნივერმაღის შენობა 2015 წლის აპრილში შეიძინა ჰოლანდიური კომპანიისგან „Doryphore Investment B.V.“ ამ ეტაპზე ვიწყებთ აქტიური სამშენებლო სამუშაოების ფაზას. გვეამაყება, რომ სწორედ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ჩართულობით დედაქალაქის მთავარი პროსპექტის ეს ნაწილი გაცოცხლდება და აღიდგენს მის ისტორიულ, ტრადიციულ დანიშნულებას. პროექტში ინვესტიციას 100%-ით ახორციელებს ფონდი და მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა $77 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ეს იქნება თბილისში საუკეთესო ადგილმდებარეობის მქონე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი. „გალერია თბილისის“ პროექტი უნიკალურია იმითაც რომ მის შენობაში ინტეგრირებული იქნება „თავისუფალი“ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული“ თეატრები. ეს გარემოება ცენტრს კულტურულ დატვირთვასაც შესძენს."

„გალერია თბილისის“ პროექტის ფარგლებში წინამოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. ამ ეტაპზე, პროექტი უკვე შევიდა აქტიური სამშენებლო სამუშაოების ფაზაში. ძირითადი კონტრაქტორი კომპანიის ასაყვანად ჩატარდა ტენდერი. ინტერესი გამოიხატა როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სამშენებლო კომპანიების მიერ. პრეზენტაციაზე გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებული, ქართული სამშენებლო კომპანია „ანაგი“. „გალერია თბილისის“ მმართველ კომპანიასა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის ხელშეკრულება ამავე დღეს გაფორმდა.

პროექტ „გალერია თბილისის“ ხელმძღვანელების განცხადებით: „ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ პროექტზე სამუშაოდ მრავალი წლის გამოცდილების მქონე, მრავალპროფილიანი, ქართული სამშენებლო კომპანია შეირჩა. ეს არის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც არაერთი მსხვილი და წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული დედაქალაქში. კომპანიას გააჩნია თანამედროვე და მძლავრი მანქანა-დანადგარები. ვფიქრობთ, რომ კომპანია „ანაგთან“ თანამშრომლობით დედაქალაქს შევმატებთ თანამედროვე არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს, რომელიც გამორჩეულად მაღალი ხარისხით იქნება შესრულებული.“

“გალერია თბილისის“ ოფიციალური ვებ-გვერდი: www.galleria.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი
T.: 995322470004
E.:  [email protected]