GC FUND

„ბათუმი რივიერა“ - ახალი პროექტი ბათუმის განვითარებისთვის

26 ივნისი, 2018
News Title

„საქართველოს თანაინვესტირებიის ფონდის“ მხარდაჭერით, „ბათუმი რივიერას“ პროექტის განხორციელების პირველ ფაზაზე, კერძოდ დიზაინსა და გეგმარებაზე მუშაობა იწყება.

აღნიშნული პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ "სილქ როუდ ჯგუფმა" მოლაპარაკებები დაასრულა არქიტექტურული დიზაინის და გეგმარების წამყვან კომპანიასთან  „ჩეპმენ ტეილორთან“, რომელიც იზრუნებს  როგორც „სილქ თაუერის“, ასევე მთლიანად „ბათუმი რივიერას“ პროექტზე.

ბათუმი რივიერას პროექტი მოიცავს „სილქ თაუერის“, საცხოვრებელ აპარტამენტების, იახტ კლუბისა და დამატებით 2 ჰექტარის ფართობის სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის კომპონენტებს. აღნიშნული პარკი რჩება სახელმწიფო საკუთრებაში, როგორც ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი. აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტერიტორიას მიენიჭება ძეგლის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ პარკის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები არ განთავსდება.  პარკი ერთიანი ლადშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება, რომლის განვითარებაზეც, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს, ხოლო მის სამომავლო მოვლა-განვითარებაზე „სილქ როუდ ჯგუფი“ იზრუნებს.

პროექტის კიდევ ერთი პარტნიორია - კომპანია „ბათუმის იახტ კლუბი“, რომელიც იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას მინიმუმ 20 წლის ვადით იღებს. საწყის ეტაპზე იახტ კლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელსაც „ბათუმის იახტ კლუბი“ და “სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად განახორციელებენ.

გამორჩეულად მაშტაბური და მრავალფეროვანი პროექტის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გამწვანებაზე გაკეთდება. პროექტის პირველი ეტაპის პრეზენტაცია 2018 წლის აგვისტოს თვეში გაიმართება და ამავე თვეში დაიწყება მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.

პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 65 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.